logo
ENG



ვარჰეის თქმით, 2030 წლისთვის გაფართოება შესაძლებელია, თუ ყველა "ძალისხმევას გააორმაგებს"

01 სექ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/xq2t0rokumde9qx.jpg

ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ევროკავშირის გაფართოება შესაძლებელია, თუ კანდიდატები და თვითონ ბლოკი "ძალისხმევას გააორმაგებენ". EURACTIV-თან ინტერვიუში ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროპული კომისია ოქტომბერში "მნიშვნელოვანი წინადადების" გაკეთებას გეგმავს.

"ყოველთვის იყო კითხვა: გვსურს ამის გაკეთება? და პირველად მესმის ევროსაბჭოსგან, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია", - განუცხადა ვარჰეიმ EURACTIV-ს.

მან კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის 2030 წლისთვის.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს, ოლივერ ვარჰელიმ უპასუხა:

"არ მგონია, რომ ეს საკითხი თარიღზეა. ესაა საკითხი პოლიტიკურ ნებაზე და საკითხია შესრულებაზე. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთში ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან", - განაცხადა ევროკომისარმა.

"2030 წელს [გაფართოება], რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად", - აღნიშნა ვარჰეიმ.

ვარჰეის განცხადებით, ოქტომბერში, როდესაც ევროკომისია სავარაუდოდ წარადგენს ყოველწლიური პროგრესის ანგარიშებს ბლოკში გაწევრიანების პროცესში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება "მნიშვნელოვანი წინადადებით" გამოვა.

ვარჰეის განმარტებით, გეგმები პირველ რიგში მოიცავს "გაზრდის გეგმას", რომელიც უკვე წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაისში, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ცდილობს, გაზარდოს ინვესტიციები დასავლეთ ბალკანეთში, ასევე შეასუსტოს უკრაინაში რუსეთის ომით გამოცვეული ეკონომიკური შედეგები.

"ეს გეგმა დააჩქარებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ ამ ქვეყნების რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში", - განაცხადა ევროკომისარმა.


close დახურვა